კომუნიკაციების კომისია: “იმედის” და “რუსთავი 2-ის" შემოსავალი გაიზარდა, “მთავარი არხის” - შემცირდა

გასულ წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები შემცირდა, რადგან მთავრობამ აზარტული თამაშების კომპანიებს სამაუწყებლო რეკლამა აუკრძალა. 2021 წელს აზარტული თამაშების კომპანიებისგან მაუწყებლებმა თითქმის 18 მლნ ლარი მიიღეს, 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 70%-ით, 5 მლნ ლარამდე შემცირდა. კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტელევიზიებმა მესამე კვარტალში ჯამში 18 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

2023 წლის მესამე კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები გაზრდილია. მეტწილად - “იმედისა” და “რუსთავი 2-ის" ხარჯზე. განახლებული მონაცემები ივლის-სექტემბრის პერიოდს ასახავს. მონაცმეები გასული წლის იმავე პერიოდთან არის შედარებული.


ტელევიზიებმა მესამე კვარტალში ჯამში 18 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, აქედან 23% - 3,5 მილიონი ლარი - მატებაა წინა წელთან შედარებით.

ტელეკომპანიების შემოსავლები:

  • “იმედი” - გაიზარდა 1,4 მილიონი ლარით;
  • “რუსთავი 2” - გაიზარდა 1,1 მილიონი ლარით;
  • “მთავარი არხი” - შემცირდა 0,2 მილიონი ლარით;
  • POS TV - გაიზარდა 0,5 მილიონი ლარით;
  • “ფორმულა” - გაიზარდა 0,4 მილიონი ლარით;
  • “TV პირველი” - გაიზარდა 0,1 მილიონი ლარით.

ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი რეკლამა შევიდა “იმედში”. ამ არხის შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა და 6,3 მილიონი ლარი გახდა. მეორე ადგილზეა “რუსთავი 2”, რომლის შემოსავალი 73%-ით გაიზარდა და 2,6 მილიონი გახდა.